ISFED-ის ანგარიშით,  ოპოზიციის წინააღმდეგ, მუნიციპალური არჩევნების კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელებში 26 გვერდი მოქმედებს, ხოლო ხელისუფლების წინააღმდეგ 11

30 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა” და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის მე-2 შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს 23 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. საანგარიშო პერიოდში აქტიური იყო არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკური პარტიის 318 ოფიციალური ორგანიზაციული ფეისბუქგვერდი.

ISFED – ის ცნობით, ყველაზე მეტი გვერდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობდა. მას აქტიური გვერდების რაოდენობით პარტია „საქართველოსთვის“ მოჰყვება. ინტერაქციით კი, წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდები გამოირჩევა.

„მუნიციპალიტეტების მერობისა და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების 228 გვერდი იყო აქტიური. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, აქტივობით გამორჩეოდა ანა დოლიძის გვერდი, რომელსაც კახა კალაძის, ნიკა მელიასა და ანა ბიბილაშვილის გვერდები მოჰყვებოდნენ. ინტერაქციის მხრივ კი კახა კალაძის გვერდი ლიდერობდა.

საანგარიშო პერიოდში თვითმმართველი თემების მერობის 124 კანდიდატის გვერდი იყო აქტიური. გვერდების 80% „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ეკუთვნით.

ოფიციალური კამპანიის მიღმა, ფეისბუქზე კვლავ აქტიურად იწარმოებოდა, მეტწილად, ანონიმური კამპანია. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა აღემატება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებს. თუმცა, ინტერაქციის მხრივ, ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტები კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებს.

საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე “ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების წინააღმდეგ 19 გვერდი იყო აქტიური, რომლებზეც სულ მცირე ერთი პოსტი მაინც გამოქვეყნდა. ჯამში, გვერდებზე 701 პოსტი განთავსდა. მათგან, “სამართლიანმა არჩევნებმა” 5 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა, რომელიც დეკლარირების გარეშე იყო განთავსებული. 31 აგვისტოს გააქტიურდა კახა კალაძის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართული გვერდი „მოდი არჩევნებზე“. გვერდზე განთავსებული რეკლამებიდან ირკვევა, რომ ის დაკავშირებულია მედია გამოცემა allmedia.ge-სთან. ორივე ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული რეკლამები გიორგი ქართველიშვილის სახელით დეკლარირდება, რომელიც მედია გამოცემის დამფუძნებელია.

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 26 გვერდი მოქმედებდა. ჯამში აღნიშნულ გვერდებზე 393 პოსტი გამოქვეყნდა, მათგან, ორგანიზაციის დაკვირვებით, 33 პოსტი იყო დასპონსორებული. ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი გვერდების დისკრედიტაციის მთავარი ობიექტი, წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“ და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე და მამუკა ხაზარაძე.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ანონიმურ გვერდებზე მიმდინარე კამპანია გამოირჩევა მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი გზავნილებით. ორგანიზებული სახე აქვს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. საანგარიშო პერიოდში შესწავლილ გვერდებზე მედიასთან დაკავშირებული სულ 107 ნეგატიური გზავნილის შემცველი პოსტი განთავსდა. მათგან 96 დისკრედიტაციული პოსტი ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნდა და ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებს („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“) მიემართებოდა. 11 მედიის საწინააღმდეგო შინაარსის პოსტი გამოქვყენდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე. მათგან უმეტესობა (9 პოსტი) ტელეკომპანია „იმედს“ შეეხებოდა.

ფეისბუქზე ანონიმური გვერდების დისკრედიტაციის სამიზნეს, აგრეთვე, წარმოადგენენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და განსაკუთრებით, “სამართლიანი არჩევნები.” აღსანიშნავია გვერდი “სიმართლის დროა”, რომელიც ISFED-ის სიახლეებს დისკრედიტაციული გზავნილებით ეხმიანება, მათ შორის გამოირჩევა სექსისტური გამოხმაურებებით ორგანიზაციის ქალი წარმომადგენლების მიმართ. გვერდები ემსახურება მცდელობას, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასება მიკერძოებულად წარმოაჩინოს. აღნიშნული გვერდების ნაწილზე, რომლებიც გაზიარებულ პოსტებში თავს ესხმიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეიმჩნევა მანიპულაციური აქტივობა, ყალბი ანგარიშების ჩართულობა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ფეისბუქმომხმარებლების დაბნევის მცდელობა,” – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

იხილეთ სრული ანგარიში.