ეს უკვე იყო-საქართველოში გაერთიანებული შტაბის უფროსს სამხედრო ფორმა გახადეს

როგორც უკვე ცნობილია, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის.

მოდით, ერთად გავიხსენოთ რას წერდა მედია 2009 წელს, როცა შტაბის მაშინდელ უფროსს,  სამხედრო ფორმა გახადეს.

კობა ლიკლიკაძე

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე. ყოფილმა შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, რომელიც ამ თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვის დანიშნული იყო, სამხედრო ფორმა გაიხადა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის სავარძელში გადაინაცვლა. ეს დანიშვნა საქართველოს ხელისუფლებამ წარმოაჩინა როგორც უბრალო საკადრო ცვლილება, თუმცა, სამხედრო ექსპერტების თქმით, მომხდარი გადაადგილება შეირაღებულ ძალებში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია შევა როგორც ყველაზე დღენაკლული გაერთიანებული შტაბის უფროსი. 4 მარტს, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაჩიბაია თანამდებობიდან გადააყენა, 38 წლის ოფიცერი ამ პოსტზე მხოლოდ 3 თვის დანიშნული იყო. გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას დანიშვნის იდეა კი მოდიოდა თავდაცვის მინისტრ ვასილ სიხარულიძისაგან, რომელმაც მომავალი შტაბის უფროსი ამერიკაში გაიცნო, სადაც 2007-2008 წელს პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული სამხედრო უმაღლესი სასწავლებელი, ” არმიის ომის კოლეჯი”, დაასრულა. თუმცა 5 მარტს, როდესაც ახალ დანიშვნებზე ლაპარაკობდა, დავით სიხარულიძე, რომელმაც ორი კვირის წინ სწორედ პოლკოვნიკ ჩაჩიბაიასთან ერთად წარუდგინა ქვეყანას არმიის რეფორმირების ახალი გეგმა, მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა:

[ვასილ სიხარულიძე] ”პოლკოვნიკი ჩაჩიბაია გახდება ჩემი პირველი მოადგილე, რომელიც კურირებას გაუწევს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტს, ანალიტიკურ დეპარტამენს. ასევე თემატურად მე მას მინდა ვთხოვო და ჩავაბარო მთლიანად განათლების სფერო.” (სტილი დაცულია)

პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უყოყმანოდ მიიღო ეს შეთავაზება, რაც ყველა ნორმალურ სახელმწიფოში იქნებოდა დაქვეითება პროფესიონალი სამხედროსთვის, რომელსაც სამხედრო კარიერის ზენიტში ნაადრევად ხდიან სამხედრო ფორმას და გაუგებარი ფუნქციით პოლიტიკურ თანამდებობაზე უშვებენ. თუმცა პოლკოვნიკი ჩაჩიბაია ასე არ ფიქრობს.

[პოლკოვნიკი ჩაჩიბაია] ”მინისტრის ხედვიდან გამომდინარე, ვიმოქმედებთ შესაბამისად და რაც აუცილებელი იქნება პროცედურულად, ყველა იმ ღონისძიებას გავატარებთ.” (სტილი დაცულია)

სამ თვეში გენერალური შტაბის უფროსის შეცვლამ ვერ გაანელა ეჭვები არმიის ხელმძღვანელობაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ. სამხედრო ექსპერტები და მიმომხილველები ბოლო ხანს ლაპარაკობდნენ ჩაჩიბაიას დაპირისპირებაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაიასთან, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი გენერალური შტაბის ფინანსებსა და ლოგისტიკას აკონტროლებდა და ერეოდა არმიის საბრძოლო მომზადების საკითხებში. ამ დაპირისპირების თაობაზე 5 მარტს საგანგებო განცხადება გაავრცელა რამდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. გაურკვეველ საკადრო გადაადგილებას უწოდებენ გაერთიანებულ შტაბში მომხდარ საკადრო ცვლილებებს დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორი ირაკლი სესიაშვილი გაოგნებულია პროფესიონალ ოფიცერთა კადრებისადმი ასეთი გაუფრთხილებელი მოპყრობით:

[ირაკლი სესიაშვილი] ”მათი გადინება ხდება სამოქალაქო-პოლიტიკურ თანამდებობებზე, მაშინ როდესაც ქვეყანას სულ უფრო მეტად სჭირდება პროფესიონალი სამხედროები.

წყარო: radiotavisupleba.ge

მას შემდეგ წლები გავიდა… ახლა 2016 წელია და ჩაჩიბაიას კანდიდატურა დასამტკიცებლად პრეზიდენტს 22 ნოემბერს წარედგინება.

კომენტარის დატოვება