მიხეილ სააკაშვილი – 3 ოქტომბერს, დილიდან, მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება

3 ოქტომბერს, დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ. კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ, 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას.

ამიტომ, ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში, მე უკან არ ვიხევ და იმედია, არც თქვენ“, – წერს სააკაშვილი.