რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის”  წევრი, გრიგოლ ვაშაძე განცხადებით,  არ აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა თუ არა საქართველოში, ამით მათი დღის წესრიგი არ შეიცვლება.

მისივე თქმით, ამ  ვითარებაში, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მხოლოდ საქართველოს ინტერესები ზიანდება.

„აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მნიშვნელობა არ აქვს დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა. ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო და კიდევ ერთი მტკიცებულება არის იმის, რომ აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ამ საწყალი ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებს. კოლონები დაიძვრება თუ არ დაიძვრება, იმ კოლონებში მე ნამდვილად არ ვიქნები, ეს შემიძლია გითხრათ და რევოლუციური სცენარი საქართველოსთვის დღეს იქნება დამანგრეველი,“ – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.