ლადო კახაძე განათლების მინისტრს: თქვენ აჩვენეთ, როგორ უნდა იყოს დეპოლიტიზებული განათლების სისტემა, არ იკადრეთ და არ დაამძიმეთ ის განათლების სისტემა, რომელიც სალოლიაო და ხელიხელსაგოგმანებია ჩვენთვის

„თქვენ აჩვენეთ, როგორ უნდა იყოს დეპოლიტიზებული განათლების სისტემა. ყველანაირ პოლიტიკურ შემოტევას ძალიან სწორად აუქციეთ გვერდი და არც ერთხელ არ იკადრეთ და არ დაამძიმეთ ის განათლების სისტემა, რომელიც სალოლიაო და ხელიხელსაგოგმანებია ჩვენთვის“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ვლადიმერ კახაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

მისი თქმით, მინისტრმა გამოსვლაში ყველა აქცენტი სწორად დასვა და გამოიტანა ის შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია გარდამავალი პერიოდში ქვეყნის განათლების სისტემისთვის.

„დიახ, მასწავლებლისთვის მხოლოდ იცოდეს, არ არის მთავარი, არამედ მთავარია, როგორ გადმოსცეს ეს ცოდნა, როგორ ასწავლოს“,- აღნიშნა ვლადიმერ კახაძემ.

მისი თქმით, განათლების სისტემამ ვაქცინაციის თვალსაზრისით სამაგალითოდ აჩვენა, რომ მოკლე ხანში შესაძლებელია მოკლე პერიოდში ნახტომისებრი ეფექტის მიღება. „მასწავლებელთა 70% აცრილია, რაც ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხო გარემო ხვდებათ ბავშვებს“, – განაცხადა დეპუტატმა.