კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ დღევანდელი გამარჯვებით გაიმარჯვა საქართველომ – სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გამარჯვებით გაიმარჯვა საქართველომ. მისმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ და განვითარებამ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

,,ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ. დღევანდელი დღე გახდება საქართველოს განვითარების მყარი საფუძველი. შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება. შესაბამისად ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ეს სამი წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისობრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ თბილისელებს არჩევნებში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს გამარჯვება მაძლევს ახალ სტიმულს, რომ გაორმაგებული ენერგიით ვიშრომო და ვიზრუნო თბილისის განვითარებისთვის და თბილისელების წინაშე არსებული საკითხების გადაჭრისთვის მეტი სიცოცხლის შესატანად ყველა უბანში“, – აღნიშნა კალაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმების 47,6% „ქართულ ოცნებას“ აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 27,1%.