ვლადიმირ ზელენსკი – უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს

უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ტრუსკავეცკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რომ ის, როგორც პრეზიდენტი, მუდმივად არის დაკავებული მოქალაქეების დაბრუნების საკითხით.

ყველა ინსტიტუტი, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, უკრაინაში მომუშავე საქართველოს ელჩის დონეზე და ჩვენს მინისტრთა კაბინეტებს შორის მოლაპარაკებების დონეზე, ჩვენ ყველა ამ საკითხით დავკავდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც ამის შესახებ მედიიდან შეიტყო.

ამასთან, კითხვაზე, რატომ მოიქცა მიხეილ სააკაშვილი ასე, ზელენსკი პასუხობს, რომ მისი შეფასებით, სააკაშვილი არასწორად მოიქცა.

„მე მასზე უნდა ვიფიქრო, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. თავად აღნიშნეთ, იქ ადგილობრივი არჩევნები იყო, ალბათ ფიქრობდა, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა არ ვიცი. მე ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ ვიცოდი. ვფიქრობ, ეს არასწორია, ის მაინც სახელმწიფო ხელისუფლებაში იმყოფება და ეს არასწორია, თუმცა საჭიროა ყველა დეტალის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველა რისკის გარკვევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.