დავით ზალკალიანი: ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა პირს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი

უკრაინაში ჩვენი ახალი ელჩი დღეს რწმუნებათა სიგელების ასლებს გადასცემს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და თუკი ასეთი საჭიროება იქნება, კიდევ დამატებით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი პირს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი.

„რაც შეეხება უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობას, ძალიან კარგი, ნაყოფიერი კონტაქტები არსებობს. პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საელჩოს დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საელჩოს თანამშრომელი იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის პროკურატურის მასალები, სასჯელის შესახებ, რაზეც იხდის. ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, რა გარემოებებშიც მოხდა მისი დაკავება“, – დასძინა ზალკალიანმა.