მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი არიან, ისინი ფოთის პორტის თანამშრომლები არიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული ორი პირი, მამა – შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები არიან. ისინი ფოთის პორტის თანამშრომლები, უბრალო მუშები არიან.

შალვა წოწორიას ცოლი, ვერიკო წოწორია ამბობს, რომ მისი მეუღლე ფოთის პორტში 30 წელია მუშაობს, შვილი კი 11 წელი.

„დილის 4 საათზე შემოვიდნენ სამართალდამცველები. გაგვიკვირდა, ვიფიქრე არანაირი ბიზნესი არ მაქვს და ფინანსურ პოლიციას რა უნდა-თქო. ჩემი შვილი შალვა წოწორია იკითხეს, მანქანის მონაცემები ჩაიწერეს და გვითხრეს, რომ მანქანა უნდა წაეყვანათ და თქვენც უნდა წამოხვიდეთო. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, გაემზადე და შენც გაყევი მეთქი. წაიყვანეს და მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა რამდენიმე საათი. მოგვიანებით შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ არ შემშინებოდა. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ თბილისში გადაჰყავდათ დასაკითხად. ამის შედეგ მოვიდნენ სახლის გასაჩხრეკად. მაშინ მითხრეს, თქვენი შვილი და ქმარი დანაშაულის დაფარვისთვის დააკავესო. რომ მითხრეს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა, გავოგნდი. ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს ცომაიებთან და ალბათ, ამას უკავშირდება. ელგუჯა ცომაია ბავშვის ნათლია არის. იმედია მალე გაირკვევა ყველაფერი,“- განაცხადა ვერიკო წოწორიამ.

სააკაშვილი არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.  დღეს სასამართლომ იმ ბინის მეპატრონეს, სადაც იგი იმყოფებოდა,  ელგუჯა ცომაიას პატიმრობა შეუფარდა.

შსს ცნობით, 1958 წელს დაბადებულ ელგუჯა ცომიას  საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან , მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.