ნიკა მელია: მიშა, ყველაფერი კარგად იქნება! – რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ჩემსა და სააკაშვილს შორის შუღლს ვერ ჩამოაგდებენ

„მიხეილ სააკაშვილს მოკითხვა ჩემგან. როგორც არ უნდა ცდილობდნენ, შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს შორის არ გამოუვიდათ არასდროს და არც გამოუვათ. პირიქით, ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური მოქალაქეობრივი ვალი და ვალდებულებაა, ვიდრე ეს ადამიანი არის ციხეში, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო, ეს არის ჩემი ადამიანური და მეგობრული ვალდებულება”, – ამის შესახებ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციისას „ნაციონალური მოძრაობის“  ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იქნება.

„ნურავინ ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე მეტად მხარდამჭერები. სანამ ეს ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და „ნაცმოძრაობას“, პარტიის სახელით გავაკეთებ მე. ამით გაუგებრობებს თავიდან ავირიდებთ. ორგანიზება და დისციპლინა ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო, არის მნიშვნელოვანი. ბრძოლაში, რომლის შედეგმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი მინიმუმ 15-20 წლის თავზე.

ვიღაცისთვის გულზე მჯიღის ცემა ადვილია, მაგრამ მნიშვნელოვანია შემართებასთან, მოტვიაციასთან, თავგანწირვასთან ერთად, ჭკუითაც ვაჯობოთ ამ ვერაგ მტერს, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ჩასაფრებულია.

მიხეილ სააკაშვილს ჯანრმთელობას ვუსურვებ პირველ რიგში. მიშა, ყველაფერი იქნება კარგად! ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი, შანსი, რომელსაც ჩვენ 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ და ამ შანსის რეალიზების შემდეგ ცხოვრების სტანდარტი იქნება ბევრად უკეთესი, საიდანაც კი არ გაიქცევიან, არამედ დაბრუნდებიან. იცოდე ბიძინა ივანიშვილო, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე შენთან, შენს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ბრძოლის ავანგარდში ვიქნები. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ეს საფრთხეც რომ არსებობდეს. არ მოგასვენებ, მანამ სანამ ტყვეობიდან ამ სახელმწიფოს არ გაათავისუფლებ. არ ვხუმრობ, რომ არ ვხუმრობ და რამდენად არ ვხუმრობ, ამას 30 ოქტომბერს განახებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.