სალომე სამადაშვილი უმრავლესობას – აწყობილი, ზეიმისთვის მომზადებული და შემდეგ დაშლილი სცენა გამარჯვებას როდის აქეთ ნიშნავს, არ ვიცი

აწყობილი, ზეიმისთვის მომზადებული და შემდეგ დაშლილი სცენა გამარჯვებას როდის აქეთ ნიშნავს, არ ვიცი. მგონი, ყველას გვახსოვს თქვენი სახეები არჩევნების ღამეს და მგონი, ყველას გვახსოვს, რომ ის დღე, დღესასწაულს ნამდვილად არ ჰგავდა – მგონი, ვერ მიხვდით, თქვენს თავს რა დატრიალდა, – ასე მიმართა ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც სამადაშვილმა არჩევნების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ასეთი მძიმე შეფასებები წინა არჩევნებზე არ ყოფილა“. ამასთან, სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარე მიიწვიონ.

„კალანდარიშვილთან დაკავშირებით იყო საუბარი – ვის უნდა გადავუხადოთ მადლობა?! მადლობას ვერავის გადავუხდით. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები წინა არჩევნებზეც არ მოგვისმენია და მიმაჩნია, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება დღეს გავაკეთოთ არის ის, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტზე სასწრაფოდ მოვიწვიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მოვისმინოთ ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელსაც შესაბამისი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დღესაც აფიქსირებენ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ იურიდიულმა კომიტეტმა ეს ადამიანი მოიწვიოს პარლამენტში და საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცეს, სრულად გაერკვეს, რა მოხდა ამ არჩევნებზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, სადაც ის „ბიძინაობაზე“ საუბრობს. სამადაშვილი ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

„მინდა გამოვეხმაურო თქვენი პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო განცხადებას, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება „ბიძინაობას“ მიუძღვნა. ეს განსაკუთრებით მიკვირს იმ პრემიერისგან, რომელიც მუდმივად გვესაუბრება იმაზე, რაოდენ თავგამოდებული მართლმადიდებელი ქრისტიანია. ბატონებო, ვისაც კერპად გაგიხდიათ ბიძინა ივანიშვილი, შეგახსენებთ, 10 მცნებიდან მეორე მცნებას – კერპთაყვანისმცემლობას რაც შეეხება. სამარცხვინო ხალხი ხართ ყველა, ვინც ამ სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობთ, რასაც არანაირი საერთო არ აქვს არც თანამედროვე ქვეყანასთან, არც დემოკრატიასთან, არც სამართალთან და მართლმსაჯულებასთან“,- განაცხადა სამადაშვილმა.