გია ვოლსკი – ვიდრე ორივე მხარეს დაბალანსებულად არ მიუთითებ შეცდომას, გადაცდომას, იქამდე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლის განცხადებას ეფექტი არ ექნება

სანამ ორივე მხარეს დაბალანსებულად არ მიუთითებ შეცდომას, გადაცდომას, იქამდე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლის განცხადებას ეფექტი არ ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

გია ვოლსკი ასევე გაიხსენა მელია-კობახიძის დაპირისპირება არჩევნების წინ და აღნიშნა ევროკავშირის ელჩის განცხადებაც ამასთან დაკავშირებით სწორი არ იყო, რადგან მან კობახიძის ბრალეულობაზე მიანიშნა.

“რაღაც ფაქტები იყო ზეწოლად დასახელებული, რომელზეც გამოძიებაც მიმდინარეობს და მედიის ზედამხედველობაც. 110 შემთხვევა იყო ასეთი დასახელებული, მაგრამ შაჰინმაც და სხვებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ გახარიას პარტიის მიტოვება ადამიანების მიერ განპირობებული იყო იმ გაწბილებით, რომელიც გამოიწვია იმ პოლიტიკის აშკარა განვითარებამ, რაც გახარიას ჰქონდა. რაც შეეხება თავდასხმებს, „ნაცმოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე თავს დაესხა “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარეს და ეს ევროკავშირის ელჩმა გამოაცხადა როგორც ურთიერთშელაპარაკება და მადლობა გადაუხადა კობახიძეს მოხდილი ბოდიშისთვის, ანუ მიუთითა, რომ მისგან მოდიოდა აგრესია, რაც ასევე არასწორია. სანამ ორივე მხარეს დაბალანსებულად არ მიუთითებ შეცდომას, გადაცდომას, იქამდე ვფიქრობ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლის განცხადებას ეფექტი არ ექნება. აქედან გამომდინარე, პოზიტიურია და კარგად არის შესაფასებელი ევროკავშირის განცხადება, რომელიც ბალანსსაც იცავს და საკმაოდ მკაცრია გადაცდომებზე, რომლის ორგანიზებაც ხდებოდა ჩვენს თვალწინ,”- განაცხადა ვოლსკიმ.

„გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის.