უკრაინელმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი თანამდებობიდან გადააყენეს

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს, რადას თავმჯდომარის, დმიტრო რაზუმკოვის თანამდებობიდან გადაყენებას. გადაწყვეტილებას 284-მა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი პარტიის 215-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რაზუმკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას „ხალხის მსახურს“ 2019 წლის მაისი-ნოემბერში ხელმძღვანელობდა და საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ის 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა.

3 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის პარტიაში რაზუმკოვის მისამართით „მილიონი კითხვა დაგროვდა“. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე რაზუმკოვს საკვანძო კანონპროექტებზე პარტიის პოზიციები უნდა გაემყარებინა, თუმცა მან „სხვა გზა აირჩია“.