ბექა ბასილაია – სააკაშვილს ამ დრომდე არ აქვს ლეიბი და ტელევიზორი, ხელისუფლება მისთვის ყოფითი პირობების გაუარესებას ცდილობს 

ხელისუფლება ცდილობს, როგორც მიშას იზოლირებას, ასევე ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის ტელევიზორის დაუდგმელობა, მათ უნდათ დისკომფორტი შეუქმნან მიშას, მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ აქვს ლეიბი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის მიუხედავად თავს კარგად გრძნობს.

„მიშა არის მხნედ, თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შვიდი დღეა შიმშილობს. მიშა არის გამარჯვებისთვის შემართული და ქართული საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს გასცემს პასუხს იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება და რაც გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, როგორც მიშას იზოლირებას, ასევე ცდილობს ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის ტელევიზორის დაუდგმელობა. მას ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი, იგივე ლეიბის საკითხი. მათ უნდათ დისკომფორტი შეუქმნან მიშას. მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ აქვს ლეიბი. მიშას პრინციპული პოზიცია არის შიმშილობა და ეს პრინციპული პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაშიც მიხეილ სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოება არის შესული. მიშას ამოცანაა მშვიდობიანი, თუმცა მკაფიო და ძალიან რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია“, – განაცხადა ბასილაიამ.