ირაკლი ღარიბაშვილი – მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას სათანადოდ დავსჯით

ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც ჩადენილი იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, 5-6 ივლისს პოლიციამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და დააკავა 120 ადამიანი.

„ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედია თავისუფლება არის გარანტირებული.

ამ ორი დღის განმავლობაში დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა უკვე 20 ადამიანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იქნა ჩადენილი თქვენ მიმართ, ყველას მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.