ირაკლი ღარიბაშვილი – ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა, ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი, ვინც ახლა გაერთიანებულია მის გარშემო, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა, ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი, ვინც ახლა გაერთიანებულია მის გარშემო, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე „სამხედრო ქალაქის” მშენებლობის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და ამასთან აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალებით სპეკულირება ამორალური საქციელია.

„კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია, სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება. სპეკულირებს, რა თქმა უნდა, ერთადერთი დესტრუქციული ძალა. ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, რომ ვინც ახლა გაერთიანებულია მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს არ აისახება კარგად მედიაგარემოზე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. 2012 წლის შემდეგ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგით არის ერთ-ერთი მოწინავე ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვასწრებთ წინ და ჩვენთან მედიათავისუფლება არის აბსოლუტურად გარანტირებული.

სულ რაღაც ორი კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახსნას ტელევიზია და მედიამ თავისუფლად დაიწყოს ოპერირება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.