“თვითმმართველობა ილია ჭავჭავაძის იდეებს ეფუძნებოდა, რომელიც ამ ინსტიტუტის ერთერთი უმთავრესი ქომაგი იყო”

„პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ მაშინდელი თვითმმართველობა ილია ჭავჭავაძის იდეებს ეფუძნებოდა, რომელიც ამ ინსტიტუტის ერთერთი უმთავრესი ქომაგი იყო.

მისი თქმით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარება 2004 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიკაციის მომენტიდან დაიწყო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიების შესახებ პირველი ნორმები აისახა 2010 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე გაამახვილა, სადაც, მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და  ქმედითი გახდა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მოქალაქეთა ჩართულობაშია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ჩართულობის მექანიზმების დახვეწას უნდა დაეთმოს. მისი განცხადებით, ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე პარლამენტი მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს.