“ანტისახელმწიფოებრივი აქტი! უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო–სამეურნეო მიწების დასარეგისტრირებლად 9-დღიანი ვადა აქვთ!”

დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოსო მანჯავიძე და ზვიად ტომარაძე აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ისინი იუსტიციის მინისტრს მიმართავენ.

-„იუსტიციის მინისტრს ქ–ნ თეა წულუკიანს!
დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. შესაბამისად, შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე, ანუ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მოიხსნა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო–სამეურნეო მიწების დასარეგისტრირებლად 9-დღიანი ვადა აქვთ. რაც საფუძვლიანი ეჭვს ბადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირი ელიტური კორუფციის გამოვლინებაა და ემსახურება გარკვეული უცხოური ჯგუფების კორპორატიულ ინტერესებს.

მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული აღნიშნული ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი აქტი და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოვითხოვთ იუსტიციის სამინისტრომ 16 დეკემბრამდე შეაჩეროს სასოფლო–სამეურნეო მიწების რეგისტრაცია, ნებისმიერი კანონიერი მეთოდით, მათ შორის ტექნიკური მიზეზების გამოყენებით“.