ილია მეორე კემეროვოს ხანძრის გამო რუსეთის პრეზიდენტს და პატრიარქს უსამძიმრებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში, ხანძრისას დაღუპულთა გამო უსამძიმრებს. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს,

თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლადშესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მ,ათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა.

ძმური სიყვარულით“,- წერია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილს, პატრიარქი წერს, რომ მომხდარმა ტრაგედიამ ის შეძრა.

“შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლადშესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში“,- წერს ილია მეორე.

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.

ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი მასშტაბური ხანძრებიდან კემეროვოს ხანძარი ერთ-ერთი მასშტაბურია. 2003 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტში ხანძრისას 44 სტუდენტი დაიღუპა, დაშავდა 156. 2007 წელს კრასნოდარში, თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 63 ადამიანი ემსხვერპლა, 2009 წელს ღამის კლუბ პერმაში ხანძარმა 153 ადამიანი შეიწირა. 2015 წელს ხანძარი გაჩნდა კაზანში მდებარე სავაჭრო ცენტრშიც, რა დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა, 61 დაშავდა.