გიორგი გახარია: როგორც „ოცნების”, ისე „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მცდელობაა ფარული მოლაპარაკებით მიაღწიონ კონკრეტულ კანდიდატებზე ჩვენს თანხმობას და გვთავაზობენ სარგებელს, ეს კატეგორიულად მიუღებელია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პარტიასთან „საქართველოსთვის“ ფარული გარიგების წარმოების თაობაზე ისაუბრა.

„მე არ მითქვამს, რომ ეს არის მხოლოდ „ოცნების” მხრიდან – იგივე ქმედებები არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ერთი მხრივ, არის მცდელობა, ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიონ კონკრეტულ კანდიდატებზე ჩვენს თანხმობას და გვთავაზობენ რაღაც სარგებელს, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ ყველაფრის მიზანი გახლავთ, რომ საკრებულოები იყოს ერთპარტიული. კონკრეტულ სახელებსა და გვარებს რა თქმა უნდა არ დავასახელებ.“ – განაცხადა გახარიამ და ხაზი გაუსვა, რომ შემოთავაზებებში საუბარია არა მხოლოდ საკრებულოების თანამდებობებზე, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაზეც.