ვაგრძელებთ, როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას, მხარს ვუჭერთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც მათ ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს ეხება – სტოლტენბერგი

მხარს ვუჭერთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს ეხება, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჯერ ნაადრევია იმაზე მსჯელობა, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ლიდერები მომავალი წლის სამიტზე. თუმცა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. ჩვენი ახლო პარტნიორების, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. ასევე მხარს ვუჭერთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც ნატოში გაწევრიანების მათ მისწრაფებებს ეხება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ნატოს მოკავშირეები, როგორც ალიანსის ფარგლებში, ასევე ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში უკრაინასა და საქართველოს ეხმარებიან“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი გააგრძელებს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას.

„მე შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკში ჩვენ ვაგრძელებთ, როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას. ეს იქნება განხილვის საკითხი მადრიდში ჩვენი მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.