ადვოკატის განცხადებით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე დუმილის უფლებას იყენებს

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ რუსთავის ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ბარბაქაძის განცხადებით, დაკავებულს დღეს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს.

„ძირითადად, პოზიციებზე გვქონდა შეთანხმება, ბრალის დადგენილება ოფიციალურად გავაცანით, ავუხსენით, რომ მას უფლება ჰქონდა, კანონით დადგენილი დუმილის უფლება გამოეყენებინა, ან ჩვენება მიეცა, რაზეც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. როცა გაეცნობა საქმის მასალებს, ჩამოვყალიბდებით, პოზიციას შევათანხმებთ და ჩვენების მისაცემად მზად არის. მოტივი რომ განემარტა, ეს უკვე ჩვენების მიცემა გამოვიდოდა. თავად არაფერს ამბობს, ჩემთანაც ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ საქმის მასალები მოითხოვა, ერთად გავეცნობით. ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება გაიზარდოს, გაფართოვდეს იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები, რა ინფორმაცია აქვს შსს-ს.

ჭელიძისგან ვიცი, რომ ის წავიდა, მაგრამ მალევე დააკავეს. რაც შეეხება სახლის მეპატრონესთან კავშირს, ამაზე ჩემთან არ ულაპარაკია და ვერ გეტყვით“, – განაცხადა ადვოკატმა.