ბათუმში, ნგრევის საქმეზე დაკავებული მუშა: არ გამომიღია საყრდენი კედელი, მაბრალებენ

„არ გამომიღია საყრდენი კედელი, ყველაფერს მაბრალებენ“, – განაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულმა მუშამ, ჰუსეინ სურმანიძემ. ადვოკატის თქმით კი, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია ნგრევა.

„სიმართლე არის ის, რომ არ არის გარკვეული, არაა დადგენილი, თუ რამ გამოიწვია ამ კორპუსის ნგრევა და ჩამოშლა. მუშა მეუბნება, რომ მიუთითა დამკვეთმა კედლის მოშლა. დავიწყეთ კედლის მოშლა, მეორე დღეს, კარი ვეღარ გავაღეთ და შენობა ჩამოიშალაო“, – ამბობს ადვოკატი მზია დიასამიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზოს ნგრევის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.