პრემირი ბათუმის ტრაგედიაზე – ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები, ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული

მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები და მართლაც დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამას გარდა, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული. მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ უბედურ შემთხვევაში, ტრაგედიაში, დავარქვათ ამას გულგრილობა, თუ გაუფრთხილებლობა, ამას, ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.