იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ექიმთა ჯგუფის გამოყოფას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მედიკოსების ჯგუფის მიზანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა იქნება.

,,ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი”. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრომ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველსაც მიმართეს.