„არ ხერხდება ჩემი შესვლა მიშასთან და ძალიან ვნერვიულობ“ – სააკაშვილის ექიმი

როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, მას უკვე მესამე დღეა არ ეძლევა მისი პაციენტის მონახულების საშუალება.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე აღნიშნავს, არ ფლობს ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და ბოლო დღეებია თავად არ უნახავს მისი უკანასკნელი სისხლის ანალიზის პასუხები. ამ ვითარებაში ექიმი ამბობს, რომ რთულია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პროგნოზირების გაკეთება.

„თავდაპირველად პრობლემა არ მქონდა, საშვით ადვილად შევდიოდი მიშას მოსანახულებლად, მაგრამ გუშინ და დღეს არ ხერხდება ჩემი შესვლა, ძალიან ვნერვიულობ. ვთვლი, რომ აუცილებელია ჩემი შესვლა ციხეში. სანამ მე თვითონ არ ვნახავ შეშუპებას, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა პარამეტრების შეიძლება იყოს.

არ მინახავს სისხლის ანალიზების პასუხიც, ასე რომ ძალიან რთულია ზეპირად ლაპარაკი, რა შეიძლება მოხდეს, ან რა უნდა ვქნათ“, – განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.