იცოდე შენი ისტორია – არმაზის ბილინგვა 25 ნოემბერს აღმოაჩინეს

არმაზის ბილინგვა — მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად – არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით. წარწერა ნაპოვნია არმაზის ხევში 1940 წლის 25 ნოემბერს. ტექსტი გაშიფრა გიორგი წერეთელმა (1941). წარწერა თარიღდება 150 წლით. არამეულ წარწერაში მოხსენიებულია ფარნავაზ პირველი და ფარნავაზ მეორე ქველი.

ტექსტის ქართული თარგმანი ასეთია:

  • ბერძნული ვარიანტი:
„სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა.“
  • არამეული ვარიანტი:
„მე [ვარ] სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა, [რომელიც] იმარჯვებდა და ამრავლებდა [ადრე] გაკეთებულ საგმირო საქმეებს, [და არის] ეზოსმოძღვარი ქსეფარნუგ მეფისა, ძე აგრიპასი ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, [რომელმაც] სძლია მძლეველნი, რაც ფარნავაზმა ვერ დაასრულა. და, ასე, [სერაფიტი] იყო კეთილი და ლამაზი, რომლის მსგავსი არავინ იყო სილამაზით. და გარდაიცვალა 21 წლისა.“

არმაზის ბილინგის აღმოჩენამ და ამოშიფვრამ ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკის და კულტურის ისტორიის ბევრ საკითხს. წარწერაში მოხსენიებული არიან II საუკუნის იბერიის (ქართლის) სახელმწიფოს მეთაურნი და თანამდებობის პირები.

არმაზის ბილინგვის მეშვეობით დადასტურდა, რომ პირველ საუკუნეებში ქართლის სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელიც იბერიის მეფის ტიტულს ატარებდა. ქართლის სამეფო კარზე იყო ინსტიტუტები პიტიახშებისა (დიდი და მცირე პიტიახშებისა), ეზოსმოძღვრისა (ეპიტროპისა) და სხვა ოფიციალური დოკუმენტებისათვის, ბერძნულთან ერთად ან უიმისოდ, იხმარებოდა არმაზული დამწერლობა, რომელიც ქართულს ენათესავება.

armazbilingv01 armazi_bilingual armazis_bilingva

კომენტარის დატოვება