ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს.

როგორც მიხეილ სადრაძემ განმარტა, დაიკითხება ყველა, ვისაც, შესაძლოა, საქმესთან შეხება ჰქონდეს.

,,ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, რადგან დამაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება”,- განაცხადა სადრაძემ.

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად “უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება” ედებათ.

გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იყო. იმ პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.