ბადრი ჯაფარიძე – ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, მოქალაქეებს შევთავაზებთ მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს

ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, თანამოქალაქეებს შევთავაზებთ მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს, რათა დასრულდეს ერთპარტიული დომინაცია, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული ჰეგემონია სახელმწიფოს ყველა დონეზე, რამაც ავტორიტარიზმში გადასულ მმართველობამდე მიგვიყვანა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს ისტორიული შანსი, რომ კოალიციური მართვის მოდელის მხარდაჭერით ცვლილებები დაიწყოს.

„აუცილებელია მრავალპარტიულ დონეზე დაფუძნებული მთავრობების მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან იმისათვის, რომ განსხვავება ვაჩვენოთ ერთპარტიულ მმართველობასა და მრავალპარტიულ მმართველობას შორის, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთკონტროლზე, სადაც ადგილობრივი მთავრობის წევრები შერჩეული იქნებიან კომპეტენციის ნიშნით და არა ამა თუ იმ ადამიანის მიმართ ერთგულებიდან გამომდინარე. ახლა არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის, მეორე ტურში კოალიციურმა მოდელებმა მხარდაჭერა მიიღონ, რათა ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს და მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ეფექტური კოალიციური მართვა და რა უპირატესობა აქვს მას ერთპარტიულ მართვასთან შედარებით,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.