ალექსანდრე კობაიძე – ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-17 საპატიმროში პატიმრები გამოკეტეს და გაიგუდნენ – ეს პირდაპირი პასუხისმგებლობაა იუსტიციის მინისტრის და ციხის დირექტორის

„მოვითხოვეთ დაუყოვნებლივ მომხდარიყო პატიმრების ევაკუაცია რუსთავის მე -17-ე დაწესებულებიდან, პენიტენციალურმა სამსახურმა უარი გვითხრა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ  რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძარზე  საუბრისას განაცხადა.

კობაიძე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, წარმოადგინოს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული პატიმრები სასადილოში იყვნენ და არა საკანში.

„როდესაც ხანძარი გაჩნდა, მქონდა ეჭვი, რომ პატიმრებს ჩაკეტავდნენ საკნებში და მათ ამყოფებდნენ უსუსურ მდგომარეობაში, სამწუხაროდ გარდაიცვალა ორი ადამიანი, ჩინოვნიკებმა არ მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება და არ მოხდა ევაკუაცია სხვა ციხეში, რაც პირდაპირი პასუხისმგებლობაა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და ციხის დირექტორის.

ჩვენ მივმართავთ იუსტიციის სამინისტროს, თუ ისინი იძახიან, რომ ეს პატიმრები გაიგუდნენ საკნებში, მაშინ წარმოადგინონ ვიდეოჩანაწერი, რითაც დაადასტურებენ სიმართლეს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პატიმრები გამოკეტეს და გაიგუდნენ, გამოდით და გაავრცელეთ ვიდეოკადრი რა მოხდა რეალურად, დაგვიდასტურეთ, რომ არ გაგუდულან ეს ადამიანები საკნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.