თეონა აქუბარდია – საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩვენს მოქალაქეებს აწვიმთ

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე ისაუბრა.

„ქალბატონი ციცო ელიაშვილის სახელით მინდა მოგმართოთ. ეს ქალბატონი 2013 წლიდან ცხოვრობს სოფელ ზარდიანთკარში და 2012 წლიდან, როდესაც ეთნიკურად ქართველმა მოსახლეობამ შეძლო დაბრუნება სოფელში, მას შემდგომ ამ სოფლებში ჩვენს მოქალაქეებს აწვიმთ. ეს არის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ოჯახები. საუბარია 30 ოჯახზე, რომელთაც 2021 წელია და მთავრობამ ვერ შეძლო, რომ მათ სახლებში არ აწვიმდეთ და მათი სახლები არ იყოს იმ რისკის წინაშე, რაც სიცოცხლისთვის არის შეუთავსებელი და საშიში“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობას და გორის მუნიციპალიტეტს მიმართა და სთხოვა, რომ იზრუნონ სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრების მოქალქეების პრობლემების მოგვარებაზე.

„კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ზარდიანთკარელების პრობლემები დროულად მოაგვარონ იმისთვის, რომ მათ ეს მძიმე ზამთარი არ გადააგორონო ისე როგორც წლებია ეს კეთდება და მოგვარდეს ის პრობლემა, რასაც ამდენი ხანია ეს მოქალაქეები ითხოვენ“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.