ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე არ გამოკვეთილა

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ჯერ არ გამოკვეთილა, რადგან ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მძიმე არ არის.

„ეს განპირობებულია იმით, რომ იმუნური ფენის რაღაც სეგმენტი გაჩნდა. მილიონი ადამიანი აცრილია და ჩვენი კვლევის ბოლო შედეგის მიხედვით, მოსახლეობის 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია. ამიტომ, ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 619 258, გარდაიცვალა 9 588 პაციენტი.