„გეყოფათ გმირების დაღვრილი სისხლით სპეკულირება! ნუ ემსგავსებით წინა მთავრობას..“

ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში მყოფი გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, პოლიციის მაიორი თამარ კიკნაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის – 30 აგვისტოსადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამოეხმაურა და ჩვენთან საუბარში არც წყენა დაუმალავს და არც გულისტკივილი. მისი თქმით აფხაზეთის მთავრობას ყველაზე მთავარი-ხალხი ჰყავს დავიწყებული.

-„არ შემიძლია ჩემი გულისტკივილი ხმამაღლა არ განვაცხადო. მინდა საჯაროდ მივმართო მათ, ვისაც ეს ეხება და ეს კი ეხება ყველას! სამარცხვინოაა მარჩენალდაკარგულების არაფრად ჩაგდება! გეყოფათ გმირების დაღვრილი სისხლით სპეკულირება! რაც გინდათ ის აღნიშნეთ და იზეიმეთ, მაგრამ თავი დაანებეთ ჩვენს გმირებს!

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ატარებთ ღონისძიებას და არ ეძახით ამ გმირების გამზრდელ მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომელთათვისაც მხოლოდ მათი შვილების სახელის ხსენება დიდი ბედნიერებაა. რატომ აყრით ამ ადამიანებს თვალებში ნაცარს?

მე საჯაროდ ვეკითხები ახფაზეთის ხელისუფლებას-რატომ არ დაუკავშირდით მარჩენალდაკარგულ დედებს და არ მიიწვიეთ? თქვენ იცით რამხელა ტკივილი მიაყენეთ მათ? რა ვიფიქროთ? აშკარად მხოლოდ პიარისთვის იდექით იმ დღეს იქ! სწორედ აქედან, ავღანეთიდან მინდა ყველას გასაგონად გითხრათ-ამაზრზენები ხართ და მხოლოდ მოჩვენებითია თქვენი ვითომ ქმედებები!

არავის დასაყვედრებელი არაფერი სჭირთ ჩვენს გმირება, აი ზოგიერთებისთვის კი მართლაც მენანება ამ მათი დაღვრილი სისხლი!

მე არ მაინტერესებს პოლიტიკა! მე მტკივა ჩვენი ქვეყანა, ხალხი და არ ვაპირებ გაჩუმებას, რადგან დღეს დუმილი დანაშაულია! ნუ ემსგავსებით ნაც-ხროვას, რომელიც ანსხვავებდა გმირებს! ნუ ემსგავსებით წინა მთავრობას! გახსოვდეთ თითოეული გმირი და მისი ოჯახი! ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ? “

ცნობისთვის, მზიურის პარკში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

იხ.

http://abkhazia.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=36&info_id=8879

აფხაზეთის ომის გმირის, გოგიტა კიკნაძის დის, თამარ კიკნაძის თქმით, აფხაზეთის მთავრობას თბილისიდან და სხვა კუთხეებიდან აფხაზეთში წასული ბიჭები და მათი ოჯახები აღარ ახსოვს.

P.S. სააგენტო მზად არის აფხაზეთის მთავრობის მხრიდან კომენტარის ან გამოხმაურების გასაჯაროვებისთვის.