„ნაციონალური მოძრაობა“ არ დაშლილა, ის გაიშალა და გველებივით გესლავენ საქართველოს”

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქართული სახელმწიფოს განადგურებაა.
„ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პოლიტიკური ჭირი და სახადი, რასაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუშორებია. ეს ერთი შეხედვით დაწყებული უწყინარი პროტესტი, საშინელ ბარბაროსობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მომიტინგეთა შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გამოჩნდნენ.
ჩვენმა პარტიამ, ყველა პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციაზე ადრე გაავრცელა განცხადება, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ბარბაროსობაში პირდაპირ დავდეთ ბრალი. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თითქოსდა დაშლილია, სინამდვილეში დაშლილი კი არა, გაშლილები არიან და ოთხივე მხრიდან ხრავენ საქართველოს და ცდილობენ გაანადგურონ ქართული სახელმწიფო. სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში ვეღარ მოხდება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აილაგმება. ეს პარტია არ დაშლილა, ის გაიშალა და გველებივით გესლავენ საქართველოს. რა აღარ სცადა სააკაშვილმა, „რუსთავი 2“-მა, ნიკა გვარამიამ… თბილისში ხან ერთი მიტინგი დანიშნეს, ხან მეორე, ხან „რუსთავი 2“ -ის ეზოში, ხან პარლამენტის შენობის წინ, ხან საკრებულოს წინ, არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს უკვე რეგიონებზე გადასვლა სცადეს, რადგანაც თბილისი ვერ აიყოლიეს, ესეც ნაცადი მეთოდია „ნაციონალების“. 2003 წელი მინდა გაგახსენოთ, როდესაც სააკაშვილი თბილისში ვერ აგორებდა რევოლუციას და თქვა, რომ მე ახლა წალენჯიხაში წავალ და იქიდან ხალხს ჩამოვიყვანო. წალენჯიხიდან დაიძრა ეს ხალხი, გზად აკრიფა ე.წ. რევოლუციონერები, სინამდვილეში კარგად დაფინანსებული ჯგუფები და ჩამოიყვანა თბილისში. ახლაც ისევ იგივე სცადა, ოღონდ არა წალენჯიხიდან, არამედ ბათუმიდან. ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ სასწრაფოდ დაპატიმრებული არ იქნა ნიკა გვარამია სახელმწიფო გადატრიალების ხელის შეწყობისა და მცდელობისთვის, გიგა ბოკერია და სხვა ე.წ. პარტიული ბელადები, კრიმინალები, ეს ყველაფერი გაგრძელდება, გადაედება სხვა რეგიონებსაც და არ არის გამორიცხული 2003 წლის სცენარი განმეორდეს“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა „მარშალპრესის“ პრესკონფერენციაზე.