გურამ მაჭარაშვილი – ევროპელი თუ ქართველი პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც პატივს არ სცემს ქვეყნის მართლმსაჯულებას და ინსტიტუტებს, ვერ გვექნება პოზიტიური დამოკიდებულება

ნებისმიერი ევროპელი თუ ქართველი პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც პატივს არ სცემს საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებას და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვერ გვექნება პოზიტიური დამოკიდებულება,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის თქმით, როგორი იქნება საქართველოს ევროპული ურთიერთობები რამდენიმე ქართველი თუ ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის.

„საქართველოს სახელმწიფოს პრინციპების პატივისცემაში იგულისხმება კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, თუ ჩვენ მივუდგებით ყოფილ პრეზიდენტს სხვა ნორმებით და სხვა სპეციფიკით, რიგით მოქალაქეებს კი სხვა სპეციფიკით, გამოვა, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ვარღვევთ. ჩვენ ვდგავართ იმ პრინციპზე, რომ საქართველო არის და იქნება სამართლებრივი სახელმწიფო, რაც შეეხება ევროპულ ურთიერთობებს, ეს ერთად აღებული არც ერთი და არც რამდენიმე პოლიტიკოსის ევროპელის თუ ქართველის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის საქართველოს უმრავლესობის გადაწყვეტილება და ეს არის ევროპის დიდი ოჯახის გადაწყვეტილება, მათ შორის ევროკავშირის და იმ სტრუქტურების, რომელთანაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.