დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ვისთან უნდა შედგეს შერიგება? – არავინ შენდობას არ ითხოვს

ჩვენ ვხედავთ, რომ სასულიერო პირებში არის გარკვეული სიმპათიები, ანტიპათიები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისადმი და ეს მათი საქმეა და მათი პირადი დამოკიდებულებაა – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ჯაღმაიძემ ე.წ. საყოველთაო შერიგების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რას ნიშნავს მსგავსი მოწოდებები, რადგან არავინ შენდობას არ ითხოვს.

„უბრალოდ ვკითხულობ, ვისთან უნდა შედგეს შერიგება? წარმოიდგინეთ, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს რაღაც დაუშავა, ვინ უნდა შერიგდეს ერთმანეთთან? მესამე ხომ არ შეურიგდება რომელიმეს? ერთმა უნდა ითხოვოს შენდობა და მეორე უნდა იყოს თანახმა ამ შენდობისა. ერთმანეთს უნდა მიმართოს იმ ხალხმა, ვინც ერთმანეთს ემდურის და აწყენინა. ეს არის აქ გაურკვეველი, რომ არავინ შენდობას არ ითხოვს. არავინ არავის არ ელაპარაკება შენდობის ენით, პირიქით, ჩვენ ვნახეთ, მეუფე შიოს ქადაგება როგორც გაიგეს და როგორი რეაქცია მოჰყვა ამას და ეს რიტორიკა ახლა კი არ დაწყებულა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში მის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ პოსტზეც ისაუბრა, სადაც თეოლოგების ჯგუფი საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილ ავანტიურაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მღვდელმთავრების დაპატიმრება და საპატრიარქოს შტურმით აღებაა.

„ჰკითხეთ მათ და თვითონვე იტყვიან, რომ ხელისუფლების შეცვლა იმიტომაა საჭირო, რომ საპატრიარქოში მოხდეს მღვდელმთავრების დაპატიმრება და შტურმით აღება.

ასევე, მუდმივად აკეთებენ განცხადებებს, რომ საქართველოს საპატრიარქო კონსტანტინოპოლის საეკლესიო პოლიტიკის წინააღმდეგია, სრული აბსურდი, ეს არ არის ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა? მუდმივად ამბობენ, რომ თითქოს პოლიტიკური პროცესია, რომ საქართველოს ეკლესიას აქამდე უკრაინის ახალი ეკლესია არ უღიარებია, თითქოს ეს პოლიტიკის და რუსეთის ზეწოლის საკითხია, სინამდვილეში თვითონ უკრაინაში რა ხდება განვიხილოთ, ონოფრე, რომელიც არის დღეს რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის ხელმძღვანელი, ინარჩუნებს სინოდის წევრებს, რომლებიც უკრაინელი მღვდელმთავრებისგან შედგება, მხოლოდ ორი უკრაინელი მღვდელმთავარი გადავიდა ახალ ეკლესიაში. ხოლო ფილარეტი, რომელიც მოთავე იყო ავტოკეფალიისა, გაემიჯნა იმ ჯგუფს, რომელიც გაერთიანდა კონსტანტინოპოლის ინიციატივით. თვითონ უკრაინელი ხალხი არაა გარკვეული. მხოლოდ ოთხმა ეკლესიამ აღიარა და რატომ მიგვათრევენ ასეთ წინააღმდეგობაში ვინმესთან.

არცერთ ეკლესიაში ასეთი რამ არ ხდება, რასაც აქ ეს ხალხი აკეთებს. ძალიან ცუდია, რომ პირდაპირ უკავშირებენ პოლიტიკურ პროცესებს ამას. რას იზამენ არჩევნები რომ იქნება და ხელისუფლება თუ შეიცვლება, მართლა აპირებენ მღვდელმთავრების დაპატიმრებას თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი რადიკალური ცვლილებები?“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.