ან მოსახლეობა შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაცისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს – თენგიზ ცერცვაძე

სავალდებულო ვაქცინაცია  განიხილება, მაგრამ უარყოფილია – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა კორონავირუსზე ტესტები გახდეს ფასიანი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ეს ჯერ არ მოხდება.

„არა, ფასიანი ჯერჯერობით არ გახდება, მერე ვნახოთ. ორნაირი რეაგირება შეიძლება მოახდინოს სახელმწიფომ – გაამკაცროს შეზღუდვები და სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. განიხილება, მაგრამ უარყოფილია. ანუ ჯერ არ არის მზაობა იმისკენ, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ. საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, იტალია ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებია? მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ შემოეღოთ. მე მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება ამ სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

როგორც იგი აღნიშნავს, გაზრდილი შემთხვევების ფონზე, ჯანდაცვის სისტემამ უჩვენა დაუჯერებელი მდგრადობა, ხოლო კლინიკური სექტორი აკეთებს ყველაფერს , რომ შედეგები იყოს ნაკლებად სავალალო.

„შემთხვევები იზრდება. ამ სიტუაციაში ძირითადი დარტყმა მოდის კლინიკურ სექტორზე. ჯანდაცვის სისტემამ უჩვენა დაუჯერებელი მდგრადობა, როდესაც თითქოს ყველაფერი მოწყობილია ქვეყანაში ისე, რომ განგებ ვცდით ჩვენს ბედისწერას და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაიზარდოს შემთხვევები. ამაზე მეტს მტერი ვერ გაგვიკეთებდა. კლინიკური სექტორი მაქსიმალურად ეფექტიანად და დატვირთვით მუშაობს და აკეთებს ყველაფერს, რომ შედეგები იყოს ნაკლებად სავალალო. ექიმები გაათმაგებული ენერგიით მკურნალობენ ავადმყოფებს. ჩვენ შემოვიტანეთ უკვე ორი ახალი მედიკამენტი და ერთ კვირაში შემოგვაქვს კიდევ ორი ახალი მედიკამენტი. უახლოეს დღეებში მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ რეგულაციებზე აღსრულება და პირველ რიგში, პირბადის ტარებაზე, გამკაცრდეს. მარტო კლინიკური სექტორის თავგანწირული მუშაობის იმედად დიდხანს ქვეყანა ვერ იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.