თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას – ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფო იძულებული გახდება, ისევ შემოიღოს შეზღუდვები

ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა დღიურად არის 4000-5 000, რაც არის კატასტროფა. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ნელი ტემპი თუ გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები.

„პირადად მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა დადის კარდაკარ, არსად, არც ერთ ქვეყანაში ეს არ კეთდება და ცდილობს, დაარწმუნოს ვაქცინაციაში. მიუხედავად ამისა, ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა არის 4-5 000, რაც არის მიზერი, კატასტროფა. აქედანაც მეორადი აცრებია ძირითადად. ეს უკვე ანტივაქსერული განწყობა არ არის. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას, თავის სიცოცხლის რისკებს ზრდის და საბოლოო ჯამში, ქვეყანას. ვინაიდან, თუ ასე გაგრძელდა, ისევ იძულებული გახდება სახელმწიფო, რომ შემოიღოს შეზღუდვები. ეს გამოიწვევს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას. მეორე, კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. კატეგორიულად არ ამბობს უარს მოსახლეობა ხალხმრავალ შეკრებებზე და ამას დაემატა პოლიტიკური შეკრებები. მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს, უნდა შემოვბრუნდეთ ვაქცინაციისკენ. საშინელი გავლენა მოახდინა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ანტივაქსერი ექიმის განცხადებებმა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.