ის სიტუაცია, რომ სააკაშვილმა მაცივრით 48 საათი რძის პროდუქტებთან ერთად იმგზავრა , მიუთითებს იმაზე თუ რამდენად უყვარს ამ ადამიანს სამშობლო – სააკაშვილის ადვოკატი

„უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია „იმედს“ საქმის მასალები. ამ თემაზე რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო”, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურატურის განცხადებას, რომ 20 ოქტომბერს ადვოკატებს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა.

„ცხადია, ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეო მასალების გადაცემა. თავად ტელეკომპანია „იმედი“ გვიმტკიცებს, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაღებული საკუთარი ტელეფონით, რომელიც უნდა ყოფილიყო დალუქული და გადაგზავნილი ექსპერტიზაზე.

ეს ვიდეო ერთადერთი რაზეც მეტყველებს, ტელეკომპანია „იმედი“ და პროსახელისუფლებო მედია 9 წლის განმავლობაში ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის მონსტრად წარმოსახვას და ამ ვიდეოში პირიქით ჩანს, ადამიანი, რომელიც არის ძალიან მხიარული, კეთილი. ის სიტუაცია, რომელიც აღწერილი იყო ამ სიუჟეტში, რომ მაცივრით იმგზავრა 48 საათის განმავლობაში რძის პროდუქტებთან ერთად, მიუთითებს, იმაზე თუ რამდენად უყვარს ამ ადამიანს საკუთარი სამშობლო, რამდენად მძიმე გზა გამოიარა უკრაინიდან იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო და დაბრუნებულიყო ისე, რომ არავისთვის პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა არ მიეცა და ერთ ადამიანსაც კი თმის ღერი არ ჩამოვარდნოდა თავიდან“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.