არ მახარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს – ლევან იოსელიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და პარტია “მოქალაქეები” წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის ფაქტი ნამდვილად არ ახარებს, თუმცა მისივე თქმით, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია.

“ნამდვილად არ მახარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, იმიტომ, რომ ის იყო საქართველოს ორგზის პრეზიდენტი და ნამდვილად, არავის ციხეში ჯდომა არ მინდა, არ მაქვს ესეთი მიდრეკილება. მაგრამ, მეორეს მხრივ, ის საქმეები, რა საქმეებზეც არის ის გასამართლებული და რა საქმეებზეც მიდის განხილვა, მათ შორის 7 ნოემბერი, ასევე იმედის დარბევის საქმე არის საქმეები, რომლებიც ჩემში კითხვის ნიშნებს არ ბადებს. შესაბამისად, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და კანონი ყველას მიმართ უნდა იყოს იმ ფორმით გამოყენებული, რა ფორმითაც ის დღეს არის.

სრულად მოიხდის, თუ არ მოიხდის სასჯელს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტს შეუძლია ის შეიწყალოს, მაგრამ ის საქმეები, რომელიც მასთან არის დაკავშირებული, მან პასუხი უნდა აგოს. მე მგონი ამაზე ორი აზრი არ არის,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა “ღამის კურიერის” ეთერში.