სააკაშვილის პირადი ექიმი – ერთ-ერთი პარამეტრი ცუდი იყო და გავუკეთეთ გადასხმა, ციხის ექიმები და რეანიმობილის ბრიგადა დამეხმარა – ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა დღეს მას სისხლის ანალიზი ჩაუტარდა, სადაც „ერთი პარამეტრი კარგი არ იყო“.

როგორც ყიფშიძე ამბობს, სააკაშვილის მკურნალობის საავადმყოფოში გაგრძელებაა საჭირო.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ასეთი კრიზისი გამეორდეს, ექიმი ამბობს, რომ ხვალ შესაძლებელია.

„აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ერთ-ერთი პარამეტრი საკმაოდ ცუდი იყო. ამიტომ გავუკეთეთ გადასხმა. გადასხმა საკმაოდ კარგად ჩატარდა. ციხის ექიმები და რეანიმობილის ბრიგადა დამეხმარა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ეს პროცედურა საველე პირობებში ჩატარდა. საჭიროა, რომ მისი მკურნალობა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში, არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში. აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება ბევრი რამე დაცული?“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, ახლა სააკაშვილს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჰქონდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკეთესი მდგომარეობა აქვს ვიდრე ჰქონდა“, – განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე 22-ე დღეა შიმშილობს.