“ეს აშკარა დისკრიმინაციაა როგორც კაცების, ასევე ქალების მიმართ…”

,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებას ეხმაურება:

,,გვახარებს, რომ ,,ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ინიციატივა, ერთი წლის შემდეგ მაინც გაითვალისწინა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე ალაპარაკდა, თუმცა, მიმაჩნია, რომ საპენსიო ასაკად უნდა განისაზღვროს 60 წელი და არა 63,5 ან სხვა ასაკი, ისე, როგორც ამას აკაკი ზოიძე აცხადებს.

ზუსტად ერთი წლის წინ ,,ახალი საქართველოს” სოციალურმა სამსახურმა მივმართეთ პარლამენტს, შევიტანეთ საკანონმდებლო წიმადადებაც სადაც ვითხოვდით, რომ საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის გათანაბრებულიყო და განსაზღვრულიყო 60 წლით. სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის (თავი II, მუხლი 5, პუნქტი 1) მიხედვით ,,პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის 65 წლის მიღწევა, ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან”.

ვფიქრობ, რომ ეს აშკარა დისკრიმინაციაა როგორც კაცების, ასევე ქალების მიმართ. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ჩვენი აზრით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთანაც. საპენსიო ასაკი თანაბარია მსოფლიოს თითქმის 50 ქვეყანაში. მათ შორის არიან: ბელგია, საფრანგეთი, დანია, ესტონეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და სხვა” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საკითხზე მუშაობა დაიწყება, საპენსიო ასაკად კი შესაძლოა 63,5 წელი განისაზღვროს.