რატი ბრეგაძე: სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო – ექიმი-რეანიმატოლოგი მე-18 დაწესებულებაში არის

დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში სამინისტრო სახალხო დამცველთან აქტიურად თანამშრომლობს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ქალბატონი ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივითაა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. მინდა მადლობა მოვახსენო ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში და აქ რა თქმა უნდა, ჩართულია ქალბატონი ნინო ლომჯარია.

რაც შეეხება მის დასკვნას, იქ ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

სახალხო დამცველმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკები პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით.