სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით მეორეჯერ დავწეროთ წერილი?“

მარიამ ახალკაცი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ სინოდმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ორ პრეზიდენტს მიმართა. და მისი სიტყვებით, კიდევ თუ იქნება ახალი პრეზიდენტი, სინოდი იმასაც მიმართავს.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისათვის ხელმეორედ მიმართვის ალბათობას, მეუფე ნიკოლოზმა ამაზე განცხადა:

„კიდევ მეორედ უნდა დავწეროთ ასეთი წერილი? თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით მეორეჯერ დავწეროთ წერილი?“

მეუფე ნიკოლოზმა ასევე თქვა, რომ თუ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, ხელისუფლება ამაზე რეაგირებას მოახდენს: „მათ არ სჭირდებათ, რომ პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს“.

დეკანოზ გიორგი მამალძის შეწყალებას დიდი ხანია ითხოვენ მისი ოჯახის წევრები, თუმცა ის ვერც ყოფილი და ვერც მოქმედი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.