კოდექსის მიხედვით, ყველა პატიმარს უფლება აქვს თავისივე ხარჯებით ნებისმიერ კლინიკაში მიიღოს სამედიცინო მომსახურება – ალექსანდრე კობაიძე

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, პატიმართა კოდექსის მიხედვით, ყველა პატიმარს უფლება აქვს თავისივე ხარჯებით ნებისმიერ კლინიკაში მიიღოს სამედიცინო მომსახურეობა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის  ამ დრომდე სამკურნალოდ, კლინიკაში არ გადაყვანა, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული გახლავთ და საერთოდ, გაცდენილია ქვეყნის კანონმდებლობას,

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა/არ გადაყვანის ფაქტს.

პატიმართა კოდექსის მიხედვით, ყველა პატიმარს უფლება აქვს თავისივე ხარჯებით ნებისმიერ კლინიკაში ( მათ შორის კერძო კლინიკაში) მიიღოს სამედიცინო მომსახურეობა. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხო გადაყვანა.

ჩვენთან არის ასეთი პრაქტიკა: ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ყველა პატიმარი, რაც კი პრაქტიკა მქონია, გადაუყვანიათ კერძო კლინიკაში, მათ შორის გავლენიანი სტატუსის მატარებელი პატიმრებიც კი.

აქედან გამომდინარე, მაოცებს იუსტიციის მინისტრის უტიფარი განცხადება, რომ ვერ გადაიყვანენ მოშიმშილე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კერძო კლინიკაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული გახლავთ და საერთოდ, გაცდენილია ქვეყნის კანონმდებლობას და საერთაშორისო კონვენციებს, თუ აქტებს.

აქვე დავამატებ, რომ სასწრაფოდ უნდა შევიდეს საჩივარი სტრასბურგში (ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში ) და უზრუნველყოფის ღონისძიებად მოთხოვნილ იქნას პაციენტის სურვილისამებრ  ნებისმიერ კლინიკაში დაუყოვნებლივ მკურნალობა”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

 

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად და სამკურნალოდ სასჯელაღსრულების N18 დაწესებულება მზადაა.