შესაძლებელია, ქვეყანამ გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის გზა აირჩიოს – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებელი არ გაიზრდება, გარკვეული ჯგუფებისთვის, იმუნიზაცია სავალდებულო გახდეს.

„15 ოქტომბერს დაწყებული ვაქცინაციის მარათონი უმნიშვნელოვანესი პროცესია. ეს, მართლაც, ჩვენი ქვეყნისთვის, სიახლეა. ის გულისხმობს ყველა სოფელში ჩასვლას, მოსახლეობასთან კომუნიკაციას, ხელმისაწვდომობის გაზრდას, ვინაიდან იქვეა ჩასული იმუნიზაციის ბრიგადები, იქვე შეგვიძლია ყველა მსურველის აცრა. იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოსთვის, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ვაქცინაციის პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება. თუ ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს და მაღალი დარჩება ინფიცირების მაჩვენებელი, ვფიქრობთ, შესაძლებელია, ქვეყანამ აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის გზა, ოღონდ – გარკვეულ ჯგუფებში. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს გახდეს სავალდებულო ყველასთვის. ძალიან ბევრი ქვეყანა ირჩევს ამ გზას – ეს შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალი, საბიუჯეტო დაწესებულებებში მომუშავეები, მასწავლებლები… ესაა ის ხალხი, ვისაც მეტი კომუნიკაცია აქვს გარშემომყოფებთან“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.