მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის ლიდერები“ თან სასტიკი მოძალადეები არიან და ამავდროულად ძალიან მშიშრები

„ნაცმოძრაობის ლიდერები“ თან სასტიკი მოძალადეები არიან და ამავდროულად, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, არიან ძალიან მშიშრები. გუშინაც ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსთავში მომხდარ დაპირისპირებაზე დავით კირკიტაძემ ჯერ იძალადა და შემდეგ გაიპარა.

„ეს გააკეთა გუშინ დავით კირკიტაძემ. შემდეგ რამდენიმე წამში უკვე ჩვენ ვნახეთ შეშინებული, გაქცეული და გაპარული დავით კირკიტაძე. ეს არის მათი ბუნება, მათი ქცევის წესი, სადაც გასდით ძალადობენ და როგორც კი საფრთხეს ხედავენ, გარბიან. შეუძლებელია მათ ახლა ნირი იცვალონ. ასე იქნებიან მთელი ცხოვრება. ამის გამო სულ წაგებულის პოზიციასა და მდგომარეობაში იქნებიან, რადგან ქართული საზოგადოება ასეთ ხალხს მხარს არასდროს დაუჭერს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.