წლების განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ვიცავდით და ვიცავთ მსოფლიო მშვიდობას – პრემიერი

მინდა, ამ მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ყველას გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა სწავლებაში მონაწილეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“- ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში საქართველო მრავალ პარტნიორთან ერთად მხარდამხარ იცავდა და იცავს მსოფლიო მშვიდობას.

„მსგავსი სწავლებები ამ მიმართულებით არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესანიშნავი საშუალებაა, არამედ აძლიერებს ჩვენს კოორდინაციას და ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“,- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის.

„ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ვართ მადლიერნი. საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატალნტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ დემოკრატიული რეფორმებითა და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით. ევროკავშირში განაცხადიც სწორედ ამ საერთო ღირებულებითი და კულტურული იდენტობისკენ მისწრაფების გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ სწავლებაში მონაწილე ყველა პირს მინდა, გადაგიხადოთ მადლობა, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რომელიც არის გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მთელი ჩვენი რეგიონისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს,“- აღნიშნა პრემიერმა.