ნატო-საქართველოს სწავლებაში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მეტყველებს რეგიონში საქართველოს როლზე – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოსთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი ამ სწავლებაში წარმოდგენილია, როგორც სწავლების დამკვეთი, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალები, მისი მეთაურის მოადგილის სახით – ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლების ხელმძღვანელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მეათე დღეა, მიმდინარეობს ნატო-საქართველოს სწავლება, რომელიც ხვალ დასრულდება. ჩვენი რეგიონისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და პირველ რიგში, საქართველოსთვის, ამ ურთულეს პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება, მისი მდგრადობის გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას.

„ვიცით, რომ დღეს ერთი თვე სრულდება უკრაინაში იმ ომის დაწყებიდან, რომელსაც ასე მედგრად დაუდგა წინ უკრაინა და ვიცით, რომ გუშინ კონტრიერიში წარმატებულად დასრულდა. ვიცით, რომ დღეს ტარდება ბრიუსელში ნატო-ს წევრების სამიტი, რომლებიც სწორედ იმაზე მსჯელობენ, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები და ეს ჩვენც გვეხება.

საქართველოსთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი ამ სწავლებაში წარმოდგენილია, როგორც სწავლების დამკვეთი, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალები, მისი მეთაურის მოადგილის სახით – ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლების ხელმძღვანელია.

მადლობას მოგახსენებთ მტკიცე ერთიანობისთვის, რომელსაც ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ავლენთ.

საამაყოა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ურთულეს ამ პროცესში და ამ ურთულეს პერიოდში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.