საქართველომ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო და გამოცდილი პარტნიორია, რომელსაც შესწევს უნარი, თავისი ღირებული წვლილი შეიტანოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში – პაპუაშვილი

„ჩვენი მზადყოფნა და სიფხიზლე მშვიდობის უმთავრესი გარანტიაა – ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, საქართველო-ნატოს ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვა ერთიანობის ძლიერ გზავნილს წარმოადგენს და ადასტურებს, რომ ნატო აგრძელებს პარტნიორების სუვერენული მისწრაფებების მხარდაჭერას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს 2022 წლის სწავლებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის არსებულ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„საჭირო დროს საქართველო ყოველთვის ნატოს და ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ იდგა, და ხშირად იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე საქართველოს მოეთხოვებოდა. მსოფლიოს ურთულეს წერტილებში ჩვენი ქალი და კაცი სამხედროები საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად იბრძოდნენ ამერიკელი, გერმანელი, თურქი, პოლონელი, ფრანგი, ბრიტანელი, რუმინელი და სხვა პარტნიორების გვერდით, იცავდნენ ჩვენი ქვეყნის და პარტნიორების ინტერესებს, რეგიონულ და მსოფლიო მშვიდობას და უსაფრთხოებას.

ავღანეთის და ერაყის მიწაზე 35-მა ჩვენმა გმირმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო საერთო მიზნებისა და ღირებულებების დაცვისთვის, 300-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ქედს ვიხრი მათი სიმამაცის და სიმტკიცის წინაშე, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ეს თავგანწირვა.

ნატოს ავღანეთის მისიაში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მონაწილე იყო. ჩვენი მამაცი მეომრები ქალაქიდან თუ სოფლიდან, მთიდან თუ ბარიდან შორეულ ავღანეთსა და ერაყში იცავდნენ თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასს – თავისუფლებას და სამშობლოს. სულ ბოლოს, ავღანეთიდან ნატოს ძალების გამოსვლის დროსაც, საქართველო ერთგულად და უანგაროდ გვერდში დაუდგა პარტნიორებს და მათ ჯარებისა და ლტოლვილების ევაკუაციის ოპერაციაში დაეხმარა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ნატო-საქართველოს პარტნიორობამ, რომლის საძირკველშიც თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და სამშობლოს სიყვარულის ღირებულებებია, ხელი შეუწყო ქართული ჯარის განვითარებას, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას, თანამედროვედ აღჭურვას და მომზადებას.

„საქართველოს თავდაცვის ძალების 80%-მა ნატოსა და ევროკავშირის მისიების ფარგლებში ღირსეულად იმსახურა. დღეს ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს ურთულესი ამოცანების შესრულება შეუძლიათ. მოხსნილია ყველა კითხვა მათ პროფესიონალიზმსა და მზადყოფნასთან, ასევე, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობასთან დაკავშირებით.

საქართველომ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო და გამოცდილი პარტნიორია, რომელსაც შესწევს უნარი, თავისი ღირებული წვლილი შეიტანოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.